ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერში არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ემოციური თვალსაზრისითაც. სწორად შერჩეული ფერი ოთახს მოცულობას და კომფორტულობას ანიჭებს, მის მფლობელს ამშვიდებს და შესაბამის განწყობას უქმნის. ამიტომ სანამ ავეჯის შეძენას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ ოთახების ფართი, დანიშნულება და მეპატრონის ხასიათი.
თუ ადრე ავეჯის ფერის შერჩევაში შეზღუდულები ვიყავით და მხოლოდ იმას ვჯერდებოდით, რასაც მზა პროდუქციის სახით გვთავაზობდა მწარმოებელი, ახლა უკვე შესაძლებელია სასურველი ფერისა და დიზაინის ავეჯის შეკვეთა.
გაითვალისწინეთ, რომ ღია ფერის ავეჯი ვიზუალურად ზრდის სივრცეს, მუქი ტონები კი პირიქით, ამცირებს. თუ ოთახში სინათლის ნაკლებობაა, პასტელის ფერის ავეჯი ამის კომპენსაციას მოახდენს და სითბოს და სინათლის ილუზიას შექმნის.
წითელი ვიზუალურად ფართოდ წარმოაჩენს ავეჯსაც და ოთახსაც. ვინაიდან ეს ფერი აღმგზნებად მოქმედებს ადამიანზე და მადასაც აღვიძებს, წითელ ავეჯს არ გირჩევთ მოსასვენებელ ოთახებში. სამაგიეროდ, მისწრებაა სამზარეულოსთვის.წითელი სამზარეულო კომფორტულ, თბილ ატმოსფეროს შეგიქმნით და ოჯახის წევრებისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცევა. წითელთან კომბინაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი, შავი, ხოლო ნაცრისფერთან ერთად მართლა საუცხოოდ გამოიყურება.
ნარინჯისფერიც ვიზუალურად ზრდის სივრცეს. გარდა ამისა, ეს არის ენერგიულობის ფერი. ამიტომ თუ ზედმეტად პასიური ან ზარმაცი შვილები გყავთ, გირჩევთ, მათ ოთახში ნარინჯისფერი ავეჯი შეიტანოთ - ეს ფერი მათ გამოაცოცხლებს. თუმცა, თუ ნარინჯისფერს თეთრს შეუწყვილებთ, ამ აქტიურობას დააბალანსებს. ამ ფერთან კომბინაციაში იდეალურად გამოიყურება ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი.
ყვითელი სასტუმრო ოთახისთვისაა რეკომენდებული. ეს ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს დაღლილ ადამიანზე, ამხნევებს, ენერგიას ანიჭებს, ნეგატივისგან ათავისუფლებს. გარდა ამისა, ყველაზე ბნელ ოთახსაც გაანათებს. იდეალურად ეხამება ყვითელს ლიმონისფერი, კრემისფერი, ოქროსფერი, ყავისფერი; აი, ყვითელი-ცისფრის კომბინაცია კი ნამდვილი კლასიკაა.
მწვანე ყველაზე ბუნებრივი ფერია. ამშვიდებს და ადუნებს ადამიანს, ოთახს კი უფრო ნათელს ხდის. მწვანეს ანტისტრესული ზემოქმედება აქვს, ამ ფერის ავეჯი კი ნებისმიერ ოთახს მოუხდება: სააბაზანოს, სამზარეულოს, საძინებელს, მისაღებს. ეს ფერი ყავისფერთან კომბინაციაში ბუნების ასოციაციას შეგიქმნით. ასევე შეგიძლიათ შეუხამოთ თავისივე ტონალობები: ჭაობისფერი, ზეთისხილისფერი, ასევე, თეთრი და კრემისფერი.
ლურჯი ავეჯი სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნის, თუმცა ზოგიერთმა ტონალობამ შეიძლება დამთრგუნველადაც იმოქმედოს. ამიტომ გირჩევთ ოქროსფერი დეტალებით გაამდიდროთ. ლურჯი ავეჯი ძალიან უხდება კაბინეტსა და სასტუმრო ოთახს.
ცისფერი ცივი, მაგრამ ჰაეროვანი ფერია. რადგან დამამშვიდებლად მოქმედებს, შეგიძლიათ ცისფერი ავეჯით გააწყოთ საძინებელი, ასევე - სამზარეულო. ცისფერი იდეალურად გამოიყურება ნარინჯისფერთან კომბინაციაში.
იისფერი მეოცნებეებისა და მისტიკის მოყვარულების ფერია, თუმცა გირჩევთ ფრთხილად მოეკიდოთ მას და მთლიანად ამ ფერში არ დაამზადებინოთ ავეჯი. თუ სხვა ფერებს შეუხამებთ, ოთახში სიმშვიდე და იდუმალება გარანტირებული გექნებათ.
ყავისფერი ავეჯი სიძველის ასოციაციას ქმნის, თუმცა დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. იდეალურია საძინებელში, მოსასვენებელ ოთახში, თანაც ამ ფერის ავეჯი უპრეტენზიოა და ნებისმიერი სტილის ინტერიერში ჯდება.
შავი ძალიან ცივი ფერია და სიმყუდროვეს ნამდვილად ვერ შეგიქმნით. შეიძლება განგაშის შეგრძნებაც კი დაგეუფლოთ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის დახვეწილობისა და კეთილშობილების ფერი. ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ მასთან კომბინაციაში სხვა ტონალობა.
ნაცრისფერი ნეიტრალური და საკმაოდ ცივი ფერია. უმჯობესია მასთან კომბინაციაში გამოიყენოთ ლურჯი, წითელი, იისფერი, მწვანე. ასეთ შემთხვევაში მყუდრო გარემო გარანტირებული გექნებათ. ნაცრისფერ-წითელი ავეჯი ძალიან მოუხდება სასტუმრო ოთახს, სამზარეულოსა და კაბინეტს.
თეთრი ავეჯი ვიზუალურად ადიდებს ოთახს, თუმცა სიცივის ასოციაციასაც ქმნის. უხდება ნებისმიერ ინტერიერს და მისი პლუსია ისიც, რომ ოთახში არსებულ ნებისმიერი ფორმისა თუ ფერის ნივთს ერწყმის.