სამეფო ტახტი, ისევე, როგორც გვირგვინი და სკიპტრა, მონარქებისთვის ძალაუფლების სიმბოლო იყო ოდითგან და შესაბამისად, მდიდრული და უნიკალური უნდა ყოფილიყო. თუ ზოგი ხელმწიფე ოქროთო მოვარაყებული და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ტახტით უსვამდა ხაზს თავის ძალაუფლებას, სხვები, მაგალითად, აფრიკის ხელისუფალნი, უბრალო სკამზე მჯდომნიც მშვენივრად იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
არაერთი ქვეყნის მეფის ტახტის ვიზუალურ მხარეს ფილოსოფიური თუ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა და ნათლად წარმოაჩენდა მასზე მოკალათებული მონარქის იდეოლოგიას.
ჩვ.წ-აღ-მდე მე-4 საუკუნის ეს უნიკალური ნამუშევარი მოჩუქურთმებული ხისგან, ოქროს დეტალებისა და ძვირფასი ქვებისგანაა დამზადებული და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. ძველეგვიპტელებს ყველა სფეროში რომ უნიჭიერესი ოსტატები ჰყავდათ, თვალნათლივ ჩანს ამ ტახტის მრავალი რთულად შესასრულებელი დეტალიდან. თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენი საუკუნის შემდეგ საღებავის ფერებიც კი არ გახუნებულა.
ტახტის დასაჯდომი ადგილი კვარცის ფერადი ფირფიტებითაა გაფორმებული. ორნამენტების დეტალებში სხვადასხვა ძვირფასი ქვა ბრწყინავს. ოქროს ფონზე, რომლითაც ტახტია მოვარაყებული, დეტალების ფერადოვნება საკმაოდ მდიდრულად და მომგებიანად გამოიყურება.
ტახტის საზურგის წინა მხარეს გამოსახულია ფარაონის ყოველდღიური ცხოვრების სცენა: როგორ აპკურებს ყმაწვილ ტუტანჰამონს მეუღლე ნელსაცხებელს. საზურგის უკანა მხარეს კი 4 კობრა ჩანს, რომლებსაც მზის შარავანდედი ადგათ. ეს სამეფო გველები, რომლებიც სიბრძნის სიმბოლოდ ითვლება, ლურჯი და ცისფერი მინანქრითაა დამზადებული. ფირუზისფერი მინანქრითაა გამოსახული ტახტის სახელურებზე გვირგვინიანი გველეშაპები.
ტახტის მოოოქროვილ ფეხებს ლომის თათების ფორმა აქვს, წინა ფეხებს კი ლომის ოქროს თავები ადგას, როგორც ხელისუფლებისა და ყოვლისშემძლეობის სიმბოლო.
დღეს ტუტანჰამონის ტახტი კაიროს ეროვნულ მუზეუმს ამშვენებს.
ჩინეთში დრაკონი ზეციური იმპერიის სიმბოლო იყო და ვინაიდან იმპერატორი ამქვეყნიურ ღმერთად მიაჩნდათ, სამეფო ტახტი დრაკონის ტახტად მოიხსენიებოდა. რასაკვირველია, დრაკონი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამოტვიფრული სამეფო ტახტზე.
მე-18 საუკუნეში მოღვაწე იმპერატორ ციანლუნას ტახტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ კოლექციონერმა აუქციონზე 11.07 მლნ დოლარად შეიძინა, წითელი სანდალოზისგანაა დამზადებული, რომელიც ძალიან ფასეულია აღმოსავლეთში და ოდითგან გამოიყენებენ ძვირფასი ავეჯის დასამზადებლად. 140 სმ სიგრძის ტახტის საზურგესა და სახელურებზე დეკორატიული კანტის სახით გამოსახულია ცალფეხა დრაკონი, იეროგლიფით "შოუ", რაც დღეგრძელობას ნიშნავს. დრაკონებია ამოტვიფრული საზურგეზეც, როგორც სიმდიდრის, ჯანმრთელობის, სათნოებისა და მშვიდი აღსასრულის სიმბოლო.
საზურგის ფორმა ერთი შეხედვით სამნაწილიან შირმას მოგაგონებთ. ტახტი დგას რკალისებურ ფეხებზე, რომლებიც თავის მხრივ, მართკუთხა ჩარჩოზეა განთავსებული.
"სამეფო ტახტი მხოლოდ და მხოლოდ ხავერდგადაკრული სავარძელია" - ამბობდა ნაპოლეონი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი ხავერდგადაკრული სავარძელი რამდენიმე წლის წინ ნახევარ მილიონ ევროდ გაიყიდა, არც ისეთი უბრალო ნივთი ყოფილა ეს სამეფო ატრიბუტი.
თავის დროზე ამ სავარძლების 10 ეგზემპლარი დაამზადეს, თუმცა დღემდე მხოლოდ ერთმა მოაღწია - იმან, რომელშიც იმპერატორი იყო მოკალათებული. ზომებით და ემბლემებით ნაპოლეონის ტახტი განსხვავებულია და უფრო მეტად წააგავს საიმპერატორო ტახტს, ვიდრე დანარჩენები.ხის დეტალები ოქროთია დაფერილი, საზურგეზე კი იმპერატორის გვირგვინიანი მონოგრამაა (M) ამოქარგული. ამ ეგზემპლარს წითელი ქსოვილი აქვს გადაკრული, რომელიც მისი მფლობელის ლიდერულ, მიზანმიმართულ, მტკიცე ხასიათზე მიუთითებს. ერთი შეხედვით, უბრალო სავარძელია, თუმცა უხვადაა მორთული ანტიკური სიმბოლოებით: დაფნის გვირგვინით ( გამარჯვების სიმბოლო), პალმის რტოებით (დიდების სიმბოლო), ფოთლოვანი არაბესკებით (აყვავებისა და ნაყოფიერების სიმბოლო).
რაც ყველაზე უჩვეულოა, სავარძელს აქვს თამბაქოს ჩასაფერფლად ხვრელი.
როგორც ანტიკვარული ავეჯის უმეტესობა, როგორც ჩანს, ეს სავარძელიც იმდენად კარგი მასალითა და უნიკალური ტექნოლოგიითაა დამზადებული, რომ დროს ფანტასტიკურად გაუძლო და 1800 წელს დამზადებულ ნივთს რესტავრაცია არასდროს დასჭირვებია. წლების განმავლობაში ნაპოლეონის სავარძლის პატრონები კონსულები იყვნენ, ბოლოს კი მუზეუმს გადაეცა. თუმცა რამდენიმე წლის წინ მრავლისშემძლე იმპერატორის სამეფო სავარძელი კერძო კოლექციონერის საკუთრებაში გადავიდა.
"ნაპოლეონის სავარძლის" ანალოგიურ ეგზემპლარებს დღეს უკვე არაერთი ავეჯის მწარმოებელი კომპანია ამზადებს. ასე რომ, მსგავსი ავეჯის შეკვეთა თავს იმპერატორად გაგრძნობინებთ.