თეთრი ფერის უპირატესობა

  • 22-сен-2021
  • interier
  • 1 373
  • 0

მდიდრული ფერი

თეთრი არის დახვეწილი გემოვნების, ელეგანტურობისა და სისუფთავის სიმბოლოა, თუმცა ბევრ ქვეყანაში ამ ფერის ავეჯი სიმდიდრესა და ფუფუნებასთან ასოცირდება. შეძლებული ადამიანები თავიანთ ფეშენებელურ სახლებს სწორედ ამგვარი ავეჯით აწყობენ, რითაც ხაზს უსვამენ თავიანთ ძლიერ ფინანსურ მდგომარეობას.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრი ავეჯი მხოლოდ მათთვისაა ხელმისაწვდომი. რასაკვირველია, მოოქრული ან პლატინის დეტალებით გაწყობილ კლასიკურ ავეჯზე, მით უმეტეს, თუ ერთიანი ხისგანაა დამზადებული, რაც მის მაღალ ფასს განაპირობებს, ხელი ყველას არ მიუწვდება, მაგრამ ავეჯის მწარმოებლები ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებს სთავაზობენ ფართო არჩევანს.

თეთრი ავეჯის მოდა სკანდინავიელებმა დაამკვიდრეს, სადაც თოვლისფერი დიზაინი ათწლეულებია პოპულარულია. შვედებისა და ნორვეგიელების სახლებში არა მხოლოდ ავეჯია თეთრი, არამედ კედლები და იატაკიც. მსგავსი სტილი მკაცრი კლიმატითა და ბუნებრივი სინათლის ნაკლებობითაა განპირობებული. მზის შუქის კომპენსირებას სკანდინავიელები თეთრი ფერით ცდილობენ.

გარდა ამისა, თეთრი ავეჯი იდეალურია მათთვის, ვისაც ოთახში პატარა სივრცე აქვს - ეს ფერი ოთახს ვიზუალურად ზრდის და დამატებით სინათლეს სძენს. თეთრ ავეჯს ინტერიერში სიმსუბუქეც შემოაქვს - თითქოს ოთახში მეტი სუფთა ჰაერია.

პოპულარობა

არადა, თეთრი ავეჯი მოსახლეობაში ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რადგან ბევრს არაპრაქტიკულად მიაჩნია. სინამდვილეში ძალიანაც პრაქტიკულია და თუ გლუვზედაპირიანი თეთრი ავეჯის შეკვეთა ან ყიდვა გსურთ, გაცილებით ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდებათ მის მოსავლელად, რადგან მას, ხისფერი ავეჯისგან განსხვავებით, ნაკლებად ეტყობა მტვერი და ლაქები.

რაც შეეხება პრიალაზედაპირიან თეთრ ავეჯს, რა თქმა უნდა, ის გაცილებით ეფექტურია, უფრო მდიდრულიც არის, უკეთესად ირეკლავს სინათლეს და ამიტომ იდეალურია ბუნებრივი შუქით ნაკლებად განათებული ოთახებისთვის, მაგრამ მისი გაპრიალება ხშირად მოგიწევთ, რადგან მასზე ნათითურები მკვეთრად ეტყობა ხოლმე.

თანაც, თეთრი ავეჯი ოთახს უფრო მყუდროს ხდის და მის მფლობელს მშვიდ და კომფორტულ გარემოს უქმნის. თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, თეთრ საწოლში გაცილებით ადვილად მოდუნდებით და ტკბილად დაიძინებთ.

კლასიკურ თეთრ ავეჯს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მომრგვალებული ფორმები და ოქროსფერი ან პლატინისფერი დეტალებით უნდა იყოს გაფორმებული. თუმცა თავად კლასიკის არსი ავეჯისა და ინტერიერის სხვა ელემენტების ჰარმონიულობაა. გაითვალისწინეთ, რომ თუ თეთრ ავეჯს დადგამთ, ოთახი კონტრასტული ფერებით უნდა იყოს გაფორმებული, რათა ინტერიერი კლინიკას არ დაემსგავსოს. მით უმეტეს, რომ თეთრი უპრეტენზიო ფერია და ყველა ტონალობას იდეალურად იხამებს.


მსგავსი სიახლეები

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22