მოდა ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ არსებობს სტილი, რომელიც უცვლელია - სწორედ ეს არის კლასიკა. კლასიკური ავეჯი - მდიდრული, დახვეწილი, ხარისხიანი და არისტოკრატიული - საუკუნეებს უძლებდა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს სილამაზის ჭეშმარიტ დამფასებლებში.
ავეჯის კლასიკური სტილისთვის, რომელიც XVI-XVIII საუკუნეებში, მეფე-დიდებულების სასახლეებში ყალიბდებოდა, დამახასიათებელია ტრადიციული ფორმები, აბსოლუტური სიმეტრია და პროპორციები ინტერიერში.
კლასიკური ავეჯის სტილის ჩამოყალიბება დამოკიდებული იყო ეპოქაზე (რენესანსი, როკოკო, ბაროკო). თითოეული სტილის ავეჯმა დღემდე შეინარჩუნა თავისი ძირითადი თვისებები, ოღონდ თანამედროვე ინტერპრეტაციით. ასე რომ, თუ კლასიკური ავეჯის შეკვეთა გსურთ, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებითაც ჩაურთოთ დეტალები.
როგორია კლასიკური ავეჯი? პირველ რიგში, ძვირფასი, ნატურალური მასალისგან დამზადებული. რაც შეეხება ფერებს, მოკრძალებული ფერები დომინირებს: თეთრი, სპილოსძვლისფერი, კრემისფერი, ბაცი ყავისფერი, წითელი ხის რბილი ავეჯი შესაძლებელია ყვავილებიანი ქსოვილის. ავეჯი უმეტესად მოჩუქურთმებულია და ოქროსფერი დეტალებიც ამშვენებს.
ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერში იდეალური სიმეტრიის დაცვა - უნდა შეირჩეს კომპოზიციური ცენტრი, კონკრეტული ავეჯი და მის გარშემო განლაგდეს სხვა ნივთები სარკისებურად.
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ეს ოთახი არ უნდა იყოს ავეჯით გადატვირთული. საკმარისია დივან-სავარძლები პატარა ჟურნალების მაგიდით. შეგიძლიათ პატარა კამოდი დადგათ ყვავილებიანი ლარნაკით. თუ ოთახის ფართი და ბინის პროექტი ამის საშუალებას იძლევა, იდეალური იქნება ბუხრის ჩაშენება, რომელიც ავეჯის ფერებში იქნება გაფორმებული.
რაც შეეხება ავეჯის განლაგებას, ბუხრის შემთხვევაში კომპოზიციის ცენტრი სწორედ ის იქნება, სხვა შემთხვევაში კი - დივანი, რომლის გარშემო ან წინ სიმეტრიულად განალაგებთ სავარძლებს, შუაში კი - პატარა მაგიდას.
კლასიკური სტილის რბილი ავეჯი ძვირფასი ქსოვილით გამოირჩევა, ძირითადად, ოქროსფერი ძაფებით დამზადებული. თითქმის ყველა ოჯახში დივან-სავარძლებს შალითებით იცავენ მტვრისა და ჭუჭყისგან, მაგრამ კლასიკური სტილის შემთხვევაში მიუღებელია გადასაფარებლებით ავეჯის დიზაინის დაფარვა. დივან-სავარძლებს მაღალი საზურგე აქვს, ტალღოვანი დაბოლოებით და დეკორაციული მრუდე ფეხებით.
კლასიკურად ითვლება ნამდვილი ტყავისგან დამზადებული სამეულებიც. კლასიკური სტილის რბილ ავეჯში ვერ შეხვდებით კონტრასტულ ფერებსა და დისჰარმონიას.
კლასიკურ საძინებელში აუცილებლად უნდა იყოს ფართო საწოლი მასიური, დეკორაციული საზურგით. საწოლის ორივე გვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ ტუმბები, ასევე - ტანსაცმლის კარადა, კამოდი და ტუალეტის მაგიდა სიმეტრიულად. თუ კითხვა გიყვართ და ოთახის ფართი საშუალებას გაძლევთ, ზედმეტი არ იქნება პატარა დივანი, სოფა ან სავარძელი, რომლის სიახლოვეს ტორშერი იდგმება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საძინებლის ავეჯი იყოს ღია ტონალობის და არავითარი კონტრასტული დეტალი ან აქსესუარი. ამ ოთახში ყველაფერმა დასვენებისთვის უნდა განგაწყოთ. და არ დაგავიწყდეთ ძვირფასი ტექსტილი.
აქ უნდა იყოს მხოლოდ აუცილებელი ნივთები. კარადა ქურთუკებისთვის, ჩანთების საკიდებით, მცირე ზომის სარკე და პუფი, რომ ჩამოჯდე და ფეხსაცმელი ჩაიცვა, სრულიად საკმარისია.
კლასიკური სტილის სამზარეულოს ავეჯი თეთრი ან მისი ტონალობებისაა: რძისფერი, კრემისფერი, შეიძლება ქვიშისფერი, ფსტისფერი.თუმცა მათი პასტელის ფერებთან კომბინაციაც შეიძლება (ოღონდ არაკონტრასტული). ასე სივრცე უფრო დიდი ჩანს და სისუფთავის და სუფთა ჰაერის შეგრძნებაც უფრო აშკარაა.
თუმცა სტილიდან ამოვარდნილად არც ნატურალური ხის ფერები ითვლება, როგორიცაა ყავისფერი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მუქი ფერები აპატარავებს ოთახს.
სამზარეულოში სიმეტრიისთვის იდეალური ცენტრი გაზქურაა, მის გარშემო კი სიმეტრიულად უნდა განათავსოთ ავეჯი და ტექნიკა. ჩამოკიდებული კარადები ნაწილობრივ ღია უნდა იყოს ან გამჭვირვალე ვიტრაჟებით. მთლიანად დახურული კარადები კლასიკური სტილისთვის არაა დამახასიათებელი.
კლასიკურ სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი სასადილო კუთხე, ოღონდ კუთხე არაპირდაპირი გაგებით - მოფარებულში კი არა, არამედ შესამჩნევ ადგილას. მაგიდის ფორმის არჩევანში შეზღუდულები არ ვართ, სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ მრგვალი, ოვალური, კვადრატული, მართკუთხა. აი, სკამები კი აუცილებლად მაღალზურგიანი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში ტაბურეტები.