ბამბუკი ძალიან პოპულარული იყო აღმოსავლეთში, თუმცა თავისი ეკოლოგიურობის, ეგზოტიკურობისა და შედარებით ხელმისაწვდომი ფასის გამო წლებია, მთელ მსოფლიოში ძალიან მოთხოვნად მასალად იქცა.
ბამბუკის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები უნიკალური ავეჯის შექმნის საშუალებას იძლევა. წარმოებაში გამოიყენება 0,5-2 სანტიმეტრის სისქის ნედლეული. ბამბუკი სწრაფად მზარდი მცენარეა - საჭირო ზომის მისაღწევად მას 1 წელი სჭირდება. ამიტომაც ღირს ხის მასალაზე იაფი.
გარდა იმისა, რომ ვიზუალურად ძალიან ეგზოტიკურია, ბამბუკის ავეჯი ეკოლოგიურად არა მარტო უსაფრთხო, არამედ სასარგებლოცაა - არ გამოჰყოფს მავნე ნივთიერებებს და ჰაერს ასუფთავებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბამბუკს დადებითი ენერგეტიკა აქვს, სიმყუდროვეს ქმნის და დამამშვიდებელი ეფექტიც გააჩნია. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ხის ავეჯთან შედარებით, ბამბუკის ნაკეთობები მსუბუქია და მისი ოთახიდან ოთახში გადატანა ან შორ მანძილზე წაღება სირთულეს არ წარმოადგენს.
ბამბუკის ავეჯს ხელით ქმნიან და დეტალების შესაერთებლად წებოს ან სპეციალურ კაუჭს იყენებენ, ლურსმნები და ხრახნები კი ამ ავეჯის დასამზადებლად არ გამოიყენება. მცენარის მოჭრის შემდეგ მას წვრილ ზოლებად ანაწევრებენ, თერმული წესით ამუშავებენ, რათა მასალა მოქნილი გახდეს. ამის შემდეგ ამ ზოლებს ერთმანეთს აწებებენ და მჭიდროდ პრესავენ. ბამბუკის ბუნებრივი ფერი ძალიან შთამბეჭდავია, თუმცა ზოგს უფრო მუქი ფერის ავეჯი მოსწონს და ამისთვის, ზემოხსენებული პროცედურების შემდეგ ნედლეულს მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ ხანგრძლივი დროით.
ბამბუკის ავეჯისთვის გამოიყენება დაპრესილი ფილები, მცენარის მსხვილი და წვრილი ღეროები. დაპრესილი ფილები ავეჯის ბრტყელი ზედაპირისთვისაა გათვალისწინებული, წვრილი ღეროებით კი დაწნული ავეჯის დამზადება ხდება. მართალია, დაწნული ავეჯი უფრო მსუბუქია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მალე გატყდება ან სიმძიმეს ვერ გაუძლებს - ის საკმაოდ მტკიცე და მყარია.
ერთი სიტყვით, ბამბუკის ავეჯი არანაკლებ გამძლეა, ვიდრე ხის მასალის. ამიტომაც ამზადებენ მისგან ყველანაირ ნივთს - კარადებს, საწოლებს, დივნებს, სკამებს, მაგიდებს... გარდა ამისა, ამ მცენარისგან დამზადებული პანელები, პარკეტი და ჟალუზები ინტერიერს შთამბეჭდავ იერსახეს სძენს.
ბამბუკის ავეჯი კარგად იტანს ტენიანობას. ამიტომ იდეალურია სააბაზანოსთვის, საუნისთვის. ის არ ლპება და არც მწერებს "უფრთხის".
ზაფხულში მისწრებაა ბამბუკის სკამები, რადგან ვენტილაციის კარგი უნარი აქვს - სხეული არ ოფლიანდება, რაც უნდა დიდი სიცხე იყოს. სწორედ ამიტომ იყენებენ ამ ტიპის ავეჯს ტერასებზე, საზაფხულო კაფეებში.