სარწეველა სავარძელი

  • 22-сен-2021
  • interier
  • 1 974
  • 0

სარწეველა სავარძლები

რა ასოციაციას იწვევს თქვენში პირველ რიგში სარწეველა სავარძელი? ალბათ, აგუზგუზებული ბუხრის, შვილიშვილებით გარშემორტყმული ყალიონმომარჯვებული ბაბუის და ძილისპირული ზღაპრების... უწინ ძირითადად სარწეველა სავარძელი ოჯახის უფროსის საკუთრება იყო, რადგან მთელი დღის შრომით დაღლილს დასვენება სჭირდებოდა. და რითი იყო დასვენებისთვის განსაკუთრებული სარწეველა სავარძელი? ახლავე მოგახსენებთ:

განტვირთვის საშუალება

არ არსებობს უფრო მეტად დასამშვიდებელ-მოსადუნებელი საშუალება, ვიდრე სარწეველაა. რამდენიმეწუთიანი რიტმული რწევა სხეულს არა მარტო ადუნებს, ერთგვარ ტრანსშიც აგდებს; ტვინი თავისუფლდება დამთრგუნველი ფიქრებისგან და შედეგად, ორგანიზმი სრულფასოვანი ძილისთვის ემზადება. ერთი სიტყვით, ვისაც უძილობა აწუხებს, სარწეველა სავარძლის ყიდვას ვურჩევთ.

გარდა ამისა, თუ ამერიკელ მეცნიერებს დავუჯერებთ, თურმე სარწეველა სავარძელში ადამიანი უფრო იოლად აღიქვამს და იმახსოვრებს ინფორმაციას. საქმე იმაშია, რომ რწევისას ყურადღების კონცენტრაციის უნარი იმატებს.

გაგიკვირდებათ და, რიტმული რწევა იმუნიტეტს ამაღლებს, ხელს უწყობს გულისა და ნაწლავების უკეთ მუშაობას. შესანიშნავი საშუალებაა ზურგისა და ფეხის კუნთების გასავარჯიშებლად.

ერთი სიტყვით, სარწეველა სავარძელი ერთ-ერთი სასარგებლო და სასიამოვნო გამოგონებაა, რაც კი ადამიანს შეუქმნია; აი, ვინ გამოიგონა ის, ეს დღემდე უცნობია. ამერიკელები დარწმუნებულნი არიან, რომ ის ბენჟამინ ფრანკლინმა გამოიგონა მე-19 საუკუნეში. თურმე ერთხელ მომავალი პრეზიდენტი საშინლად დაღლილი შინ ბრუნდებოდა, რა დროსაც შემთხვევით თვალი მოჰკრა, ერთ-ერთი სახლის ეზოში დედა ჩვილს რომ არწევდა. დაქანცულ მამაკაცს ისეთი სიმშვიდე მოჰგვარა მონოტონურმა რწევამ და ისე მოუნდა ჩვილის ადგილას ყოფნა, რომ სახლში მისულმა სასურველი ნივთის პირველი მოდელი ერთ საათში შექმნა - სკამს ქვემოდან მიამაგრა მრუდე ხის დეტალები.

რამდენად შეეფერება სიმართლეს ეს ლეგენდა, არავინ იცის, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ბენჟამინ ფრანკლინი სარწეველა სავარძლის პატენტის მფლობელი იყო.

თანამედროვე სრულყოფილი იერსახე კი ამ ავეჯს ავსტრიელმა ავეჯის ხელოსანმა, გვარად ტონეტმა მიანიჭა.

სარწეველა სავარძლები არა მარტო სასარგებლო, არამედ უსაფრთხოც რომ იყოს, ის ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან უნდა იყოს დამზადებული. დღესდღეობით ამ ავეჯის ძალიან მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ მწარმოებლები: დაწნული, ძვირფასი ხის, რკინის კონსტრუქციის. ასევე - ბიბლიოთეკის, აგარაკის, ვერანდის...

თუ ამ ავეჯის შეკვეთა გადაწყვიტეთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაკეთობა იყოს ერთიანი და არა რამდენიმე დეტალისგან აწყობილი. ასე უფრო დიდხანს გაძლებს.

გარდა ამისა, ყველა სავარძელს რხევის სხვადასხვა ამპლიტუდა აქვს. ამიტომ სანამ იყიდით, დარწმუნდით, რომ მასში თავს კომფორტულად გრძნობთ.

ყიდვისას არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია სავარძლის სახელურები. ისინი არა მარტო ფართო, არამედ საჭირო სიმაღლეზე უნდა იყოს, ისე, რომ ჯდომისას მკლავები არ გეღლებოდეთ.

ზოგიერთ სარწეველას ისეთი დამატებითი ოპცია აქვს, როგორიცაა ფეხების დასადები.

ერთი სიტყვით, სრული რელაქსაციისთვის, პლუს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, სარწეველა სავარძლები ოჯახში შეუცვლელია!


მსგავსი სიახლეები

კატეგორიები
ვებ საიტების დამზადება
ავეჯის შეკვეთა
+(995) 511-16-16-22